მენჯ-ბარძაყის კლინიკური გამოკვლევა. სპეციალური ტესტები.

მენჯ-ბარძაყის კლინიკური გამოკვლევა. სპეციალური ტესტები.

მაღალტექნოლოგიურ, დიაგნოსტიკურ აპარატურას უდავოდ დიდი როლი ენიჭება, თანამედროვე მედიცინაში. თუმცა პაციენტის გამოკვლევის კლინიკური ტესტების მნიშვნელობა, კვლავ ძალიან მაღალია.

ამ სტატიაში, ყურადღებას გავამახვილებთ მენჯ-ბარძაყის სახსრის კლინიკური კვლევის სპეციფიკურ ტესტებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კოკსართროზიანი პაციენტის გამოკვლევისას მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირების წინ. 

 

 

აბდუქტორების გამოკვლევა

ექიმის თითები აფიქსირებს მენჯის ქედს ორივე მხარეს. შემდეგ პაციენტს ვთხოვთ იდგეს გამოსაკვლევ კიდურზე და ასწიოს მეორე ფეხი. თუ აბდუქტორები ფუნქციონირებენ ნორმალურად, მენჯი შეინარჩუნებს პოზიციას (მარცხენა ფოტო). აბდუქტორული მექანიზმის დეფიციტის დროს მენჯი დაიხრება საკვლევი ფეხის საპირისპირო მხარეს (მარჯვენა ფოტო)

 

 

ტომასის(Thomas) ტესტი

 

პაციენტი წევს ზურგზე. ორივე მუხლი მოხრილია და მიტანილია მკერდთან, მკლავები იჭერენ მუხლებს. შემდეგ ვთხოვთ პაციენტს გაუშვას ხელი გამოსაკვლევ ფეხს და დააბრუნოს თავისუფლად მაგიდაზე, მეორე ფეხი კი ისევ ეჭიროს მკერდთან. პაციენტი ბარძაყის მოხრითი კონტრაქტურით, ვერ შეძლებს კიდურის ბოლომდე გაშლას (ქვედა ფოტო). ზედა ფოტოზე ნაჩვენებია კიდურის სრული გაშლა, ბარძაყის კონტრაქტურისაგან თავისუფალი პაციენტის შემთხვევაში

 

 

ილის (Ely) ტესტი

პაციენტი წევს მუცელზე. ვახრევინებთ გამოსაკვლევ ფეხს მუხლში. თუკი პაციენტს აღენიშნება rectus femoris კუნთის კონტრაქტურა, იგი სპონტანურად მენჯ-ბარზაყის სახსარშიც მოხრის ფეხს (ზედა ფოტო). ქვედა ფოტოზე ნაჩვენებია კონტრაქტურისაგან თავისუფალი პაციენტის ტესტი.

 

 

სტინჩფილდის(Stinchfield) მანევრი

პაციენტი წევს ზურგზე. გამოსაკვლევი ფეხი სრულად გაშლილია მუხლში და მოხრილია მენჯ-ბარძაყის სახსარში დაახლოებით 30 გრადუსით. ვახორციელებთ ზომიერ დაწოლას კოჭ-წვივის სახსარზე და ვთხოვთ პაციენტს გაუწიოს წინააღმდეგობა ჩვენი ზეწოლის ძალას, მუხლის მოუხრელად.  ტესტის შედეგი დადებითია, თუ ჩნდება ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსრის პროექციაში.

 

 

ობერის(Ober) ტესტი

პაციენტი წევს გვერდზე, გამოსაკვლევი ფეხით ზემოთ. პაციენტს ვასრულებინებთ კიდურის პასიურ აბდუქციას, მოხრილი მუხლით. ამ პოზიციიდან ვუშვებთ ხელს კიდურს. ილიოტიბიალური ტრაქტის დაჭიმულობის პირობებში, კიდური შეინარჩუნებს აბდუქციურ მდგომარეობას(ქვედა ფოტო). ნორმალური ილიოტიბიალური ტრაქტის შემთხვევაში კი, კიდური "ჩამოვარდება"(ზედა ფოტო).

 

 

პატრიკის(Patrick) ანუ ფაბერის(FABER) ტესტი

პაციენტი წევს ზურგზე. გამოსაკვლევი ფეხი მოხრილია, აბდუქციის პოზიციაშია და გარეთაა როტირებული ისე, რომ ტერფი დევს კონტრალატერალურ მუხლზე. ვანთავსებთ ერთ ხელს მენჯის საპირისპირო მხარეს, ხოლო მეორე ხელს - გამოსაკვლევ მუხლზე. ვანხორციელებთ მსუბუქ ზეწოლას გრავიტაციის მიმართულებით. ტკივილის გაჩენა სხეულის უკანა ნაწილში, მიუთითებს გავა-თეძოს სახსრის პათოლოგიაზე, ხოლო ტკივილი საზარდულის არეში მიგვანიშნებს მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემებზე.